თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ცინცაძე კოსტა-რიკის დედაქალაქში, სან-ხოსეში, გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობების (UCLG) აღმასრულებელი ბიუროს სხდომას და თემატურ სესიებს დაესწრნენ.
UCLG-ის აღმასრულებელი ბიუროს სხდომაზე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის, ასევე მოქალაქეთა და თემების გაძლიერების გზაზე მდგრადი განვითარების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების როლის საკითხები. ექსპერტებმა იმსჯელეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროგრამების, დაგროვილი პრაქტიკებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა დაძლევა სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობათა და ცენტრალურ მთავრობათა კოლაბორაციის შედეგად მოხერხდა.
„მოძრაობის საუკუნე/ერთიანობის 20 წელი“ - სესიის ფარგლებში, განიხილეს მსოფლიოში გაერთიანებულ ქალაქთა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ზოგადი მდგომარეობა, განვითარების პერსპექტივა და სამომავლო მიმართულება, ადგილობრივ დონეზე ფინანსური არქიტექტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების არსებული გამოცდილება და ინიციატივები.
ოთარ გრიგოლიამ და ავთანდილ ცინცაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მაგალითზე უცხოელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის ფორმებსა და საშუალებებზე, მუნიციპალურ სერვისებზე, გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის გარემოს დაცვის, ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილებაზე.
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობების (UCLG) პრეზიდენტს იბრაჰიმ ალტაის შეხვდნენ, რომელმაც UCLG-ის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს მადლობა გადაუხადა.